Latest Event Updates

ხაშური ნიუსი

Posted on

ბლოგის სტუმრები შეგიძლიათ გადამისამართდეთ ხაშური ნიუსის საიტზე

http://www.khashurinews.ge

ადმინისტრაცია

🙂

20 აგვისტოს ქვიშხეთში პოეზიის საღამო გაიმართება

Posted on

10619983_10203676557347233_1138635337038768479_o20 აგვისტოს, 17:00 საათზე ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიშხეთში წმიდა დიმიტრი ყიფიანის მხარდასაჭერად პოეზიის საღამო გაიმართება. ქვიშხეთს ახალგაზრდა პოეტი ლელა ნინუა მეგობრებთან ერთად ეწვევა, აგრეთვე საღამოს სტუმარი იქნება მსახიობი გივი სიხარულიძე.

წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზემთან დაკავშირებული პრობლემა დიდი ხანია აქტუალურია, მუზეუმი ინგრევა. სწორედ ამიტომ ამ ფაქტს ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობა გამოეხმაურა და საღამოს ორგანიზება გაუკეთა. 19 აგვისტოს კი მუზეუმის ეზოს დასუფთავებაა დაგეგმილი.

საღამოზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვისაა შესაძლებელი, აგრეთვე საღამოს მიწურულს ნებისმიერ მსურველს, ახალგაზრდა პოეტს შეეძლება საკუთარი ლექსის წაკითხვა.

დიდი ხნის შემდეგ მუზეუმი პოეტებს უმასპინძლებს, ოღონდ ამჯერად ახალგაზრდა მწერლებს მუზეუმის მხარდასაჭერად.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე >>> ლელა ნინუა და მისი მეგობრები წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის მხარდასაჭერად

12 აგვისტოს ამერიკაში 4 ხაშურელი მოსწავლე გაემგზავრება

Posted on

 

Flex-მომავალი ლიდერების გაცვლითი პროგრამა ამერიკაში.,,ფლექსი”ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების,მათ შორის ქართველი მოსწავლეებისთვის       განკუთვნილი გაცვლითი პროგრამაა,რომლის გამარჯვებულებიც 1 წლით მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში,სადაც სწავლობენ სხვადასხვა ინგლისურენოვან სკოლებში და ცხოვრობენ მასპინძელ ოჯახებში. მათ ამერიკულ ცხოვრებას მთლიანად უზრუნველყოფს ამერიკის მთავრობა.კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი სკოლის IX, X და XI კლასის მოსწავლეებს.

      აღსანიშნავია,რომ წელს ხაშურიდან ოთხი მოსწავლე მიემგზავრება ამერიკაში.მათ რთული და საინტერესო გზა განვლეს ,რომ გამარჯვებამდე მისულიყვნენ.

 

   თათია კახეთელიძე -ხაშურის პირველი საჯარო სკოლა.

   თინათინ ბოლოკაძე- ხაშურის მეშვიდე საჯარო სკოლა.

   დავით ლურსმანაშვილი-ხაშურის მეცხრე საშუალო სკოლა.

   მარიამ კობეზაშვილი-ხაშურის მეცხრე საშუალო სკოლა.

 

,,Khashuri news”- ესაუბრა კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულს თათია კახეთელიძეს.

თათია პირველ რიგში გილოცავ წარმატებას. ორიოდე დღე და სრულიად ახალ გარემოში  აღმოჩნდები,როგორია   განწყობა?

 

თავიდან, როცა ჩემი წასვლის ამბავი ახალი გაგებული მქონდა ,უბედნიერესი ვიყავი.ვგრძნობდი,რომ ცდამ და ლოდინმა შედეგი გამოიღო და მიზანს მივაღწიე.ახლა,როდესაც გამგზავრების თარიღი ძალიან ახლოსაა ვხვდები, თუ რამხელა ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში მშობლებს,სახლს, და მეგობრებს.რთულია მათი დატოვება,თუმცა განწყობა მაინც ოპტიმისტური მაქვს. ეჭვი არ მეპარება მომავალი წელი საუკეთესო იქნება ჩემ ცხოვრებაში. ერთი წელი მალე გავა და უზომოდ გამოცდილი დავუბრუნდები საქართველოს-ქვეყანას, სადაც ჩემი ადგილია.

 

                 ,,ფლექსი“,როგორც ამერიკული ოცნების ასრულება.მოგვიყევი კონკურსის შესახებ.

მომავალი ლიდერების გაცვლით პროგრამას ამერიკული საბჭოები ახორციელებს.პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად საქართველოდან 45 მოსწავლე იგზავნება ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად ერთი წლით.კონკურსში გასამარჯვებლად სამი ტური და გასაუბრება წარმატებით გავიარე,რომელმაც საბოლოო გამარჯვებამდე მიმიყვანა.ამერიკაში, ჩემი და ჩემი მეგობარი ფინალისტების წარმატებულ წელს და სრულფასოვან განათლებას ამერიკის მთავრობა და ამერიკული საბჭოები უზრუნველყოფს.

 

                რას  ელოდები  ,,ფლექსის“ პროგრამიდან ,როგორც  ამერიკაში, ასევე საქართველოში  დაბრუნების  შემდეგ?

,,ფლექსის“ პროგრამა სტუდენტებს ამერიკულ ოჯახებში ანაწილებს,საშუალება გვეძლევა ერთი წელი ვისწავლოთ ამერიკულ სკოლებში.პროგრამა მაქსიმალურად ზრუნავს ჩვენს უფლებებზე და კომფორტზე.საქართველოში დაბრუნების შემდეგ,გაცვლით სტუდენებს,როგორც ,,ფლექსის“ კურსდამთავრებულებს ეძლევათ უამრავი შესაძლებლობა, ჩაერთონ ამერიკული საბჭოების მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა აქტივობებში,აიმაღლონ კვალიფიკაცია და გაუზიარონ გამოცდილება მომავალ კონკურსანტებს.

               როგორც  ცნობილია  ,,ფლექსში“  გამარჯვება  არც  ისეთი  მარტივია, შენი გამოცდილებიდან  რას  ურჩევ  მომავალ თაობას?

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ  ,,ფლექსის“ კონკურში ინგლისურის ცოდნას მხოლოდ პირველი და მეორე ტური ამოწმებს.მეორე ტურის გადალახვა ნიშნავს,რომ მოსწავლეს ინგლისური ენის დამაკმაყოფილებელი ცოდნა გააჩნია.მთავარი ბრძოლა იწყება მაშინ, როდესაც საკუთარი ცხოვრების და გამოცდილების  შესახებ წერ ესსეებს და რაც მთავარია გადიხარ გასაუბრებას ამერიკული საბჭოების წარმომადგენლებთან.უმცროს თაობას ვურჩევ, რომ იყვნენ მეტად აქტიურები, ჩაერთონ კონკურსებსა თუ სხვადასხვა აქტივობებში,რადგან დააგროვონ გამოცდილება მომავალი სირთულეების დასაძლევად. ,,ფლექსი“ ჩემთვის უზარმაზარი ტრამპლინი აღმოჩნდა.ამ კონკურსში გამარჯვება კი ჩემი გამოცდილების და გულწრფელობის საშუალებით  შევძელი.ყველა სტუდენტი, რომელიც მიზნად გამარჯვებას დაისახავს უნდა იმუშაოს, როგორც უცხო ენის უკეთესად შესწავლაზე,ასევე კომუნიკაციის და ლიდერული უნარჩვევების განვითარებაზე და რაც მთავარია, კარგად უნდა გაითავისოს, რომ  ამერიკაში ის საქართველოს სახელით მიდის და იქაური გამოცდილებით კვლავ საქართველოს უნდა გამოადგეს.

           ,,Khashuri news”- ი ულოცავს  თითოელ მოსწავლეს,  მნიშვნელოვან გამარჯვებას.იმედი გვაქვს,რომ მომავალში თითოეული მათგანი ასახელებს, როგორც მშობლიურ ქალაქს,ასევე მთლიანად საქართველოს საერთაშორისო ასპარაზზე.

,,ახალგაზრდების ჩართულობა რეგიონულ დონეზე” – პირველი სამუშაო ვიზიტი ხაშურის საკრებულოში

Posted on

10519709_501861053282550_468533939594825453_o   4 აგვისტოს ხაშურის ახალგაზრდული ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლის წარმომადგენლები პირველი სამუშაო ვიზიტით ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეწვივნენ და საკრებულოს მეორე სხდომას დაესწრნენ.
დღის წესრიგში განსახილველი იყო შემდეგი საკითხები:
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ .
ხმათა უმრავლესობით მოსკარებელი 2500 ლარიდან 1500 ლარამდე შემცირდა. აგრეთვე განიხილებოდა ,, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების გასაზღვრის შესახებ” ცვლილების საკითხი. 1517989_501862479949074_4129525832144158919_o

საკრებულოს სხდომის დამთავრების შემდეგ პირველი სამუშაო, გაცნობითი, შეხვედრა ჰქონდათ ხაშურის ახალგაზრდული ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლის წარმომადგენლებს საკრებულოს თავმჯდომარესთან ვაჟა შუბითიძესთან, სადაც არასამთავრობო როგანიზაცია მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი” -ის და პროექტ ,,ახლგაზრდების ჩართულობა რეგიონალურ დონეზე” გაცნობა მოხდა. ახალგაზრდებმა საკრებულოს თავმჯდომარეს გააცნეს საკუთარი ხედვები და მისწრაფებები ქალაქის მმართველობის შესახებ. აგრეთვე მათ სთხოვეს სამუშაო შეხვედრებისთვის ფართის გამოყოფა მუნიციპალიტეტის შენობაში, რაზეც ბატონმა ვაჟა შუბითიძემ თანხმობა განაცხადა და შესაბამისი ადგილიც გამოუყო ( საკრებულოს სხდომის დარბაზი/ და საკუთარი სათათბირო ოთახი) .

ვაჟა შუბითიძემ მოუწოდა ახალგაზრდებს, რომ ხშირად დაესწრონ სხდომებს და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია ნებისმიერ საკითხზე.

გაცნობითი სამუშაო შეხვედრის შემდეგ საკრებულოს თავჯდომარემ და სოფელ ცხრამუხის მაჟორიტარმა დეპუტატმა პავლე ლაცაბიძემ (დამოუკიდებელი დეპუტატი) ცხრამუხის ტერიტორიაზე მშენებარე წვენის ქარხანა დაათვალიერებინა. დეპუტატმა მათ სამომავლო გეგმები გააცნო.

© Khashuri News

ხაშურის მუნიციპალიტეტი დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Posted on

ხაშურის მუნიციპალიტეტმა ფესბუქის ოფიციალურ გვერდზე წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

1379662_557665790955395_1198156946_n,,ხაშურის მუნიციპალიტეტი ეხმაურება ბოლო ხანს სოციალურ ქსელებში აქტიურად მიმდინარე პოლემიკას დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.
ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თითოეული მოქალაქის შეხედულებას, განცდასა და გულისტკივილს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული სახელით შესულ და ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული გმირის – დიმიტრი ყიფიანის ხსოვნას. თუმცა, სინანულით აღვნიშნავთ, რომ გარკვეულ შემთხვევებში ეს მეტად საშური და საჭირბოროტო საკითხი პოლიტიკური განცხადებების და ქულების დაწერის მცდელობად იქცა.
სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციით ყველაზე მეტად სწორედ ხაშურის მუნიციპალიტეტი გახლავთ დაინტერესებული.
იმისათვის, რომ მეტი სინათლე მოეფინოს საკითხს, დავძენთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის ახალი ხელმძღვანელობა – საკრებულო და გამგებელი მუშაობას შეუდგენენ მიმდინარე წლის 14 ივნისიდან. ცხადია, რომ მემკვიდრეობა, რომელიც წინა ხელისუფლებიდან გვერგო, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით ის ტვირთია, რომელსაც ჩვენ თავს ვერ ავარიდებთ, მაგრამ ჩვენ პიროვნული პასუხისმგებლობის აღება მხოლოდ ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეზე შეგვიძლია. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ახალი ხელმძღვანელობა ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ პრიორიტეტებსა და გადაწყვეტილებებზე, რაც წინა მოწვევის საკრებულოს პირობებში იქნა მიღებული. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ვიმსჯელოთ მხოლოდ წინა ხელისუფლების საქმიანობის შედეგებზე და ახალი პრიორიტეტების განსაზღვრისას ეს ფაქტორიც გავითვალისწინოთ.
თუმცა, სამართლიანობისთვის გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ დიმიტრი ყიფიანის მუზეუმის სარეაბილიტაციოდ შედგენილი იყო ხარჯთაღრიცხვა 250 ათასი ლარის ოდენობით, მაგრამ, სამწუხაროდ, შესაბამისი თანხის გამოყოფა ვერ მოხერხდა.
ჩვენ გვსურს დიმიტრი ყიფიანის მუზეუმის რეაბილიტაციით დაინტერესებული ყველა მხარის საყურადღებოდ განვაცხადოთ, რომ სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია. აქვე განვაცხადებთ, რომ გასაგები მიზეზების გამო, ეს ვერ იქნება ერთკვირიანი და ორკვირიანი პროცესი. ჩვენ ვიმუშავებთ თანმიმდევრულად და საზოგადოებას პერიოდულად ვაცნობებთ ყველა იმ ნაბიჯის შესახებ რასაც მუნიციპალიტეტი გადადგამს მუზეუმის რეაბილიტაციის მიმართულებით. აქვე განვაცხადებთ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს და ექნება შესაძლებლობა ოფიციალურად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ”.

შეგახსენებთ, რომ სიციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. შეიქმნა გვერდი სახელწოდებით – წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ მუზეუმი ინგრევა სადაც ყველა სახის მასალაა განთავსებული რაც კი მუზეუმის შესახებ არის გავრცელებული. თემას აქტიურად ავრცელებენ საინფორმაციო სააგენტოებიც.

10314656_615285791919277_6843307386800298634_n 10394789_615285798585943_7890884616488279606_n 10513324_615285891919267_5076390786505606409_n

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 4 აგვისტოს გაიმართება

Posted on Updated on

1379662_557665790955395_1198156946_n 2014 წლის 4 აგვისტოს 1200  საათზე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი:

  1. ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის N 61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხს. ვაჟა შუბითიძე

  1. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის N40 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

მომხს. ვაჟა შუბითიძე

 

 

მისამართი: ხაშური, ტაბიძის 2. ადმინისტრაციული შენობის II სართული

საკრებულოს სხდომაზე დასწრება თავისუფალია.

დამსახურებული პედაგოგი გიორგი მეტრეველი გარდაიცვალა

Posted on

  C11122222333444555OVEEERKHASHURI1დამსახურებული პედაგოგი, სკოლის დირექტორი, საზოგადო მოღვაწე, მწერალთა კავშირის წევრი, პოეტი, არაერთი საბავშვო გამოცანების, ლექსების და მათემატიკური კონკურსების გამარჯვებული, ხაშურის საპატიო მოქალაქე, კარგი მეოჯახე და სანიმუშო ადამიანი. გარდაიცვალა გიორგი მეტრეველი. 

 აი რას წერს აკადემიკოსი მურად მთვარელიძე წიგნში ,,ხაშურის მისტერია”.

გიორგი მეტრეველი

ხაშურელ პოეტთა ნამდვილი მშვენებაა გიორგი მეტრეველი – კაცი მართალი, კეთილშობილი, სულით პოეტი, პროფესიით პედაგოგი, თანამდებობით – სკოლის დირექტორი. არაერთი პოეტური კრებულის ავტორი. წარსულში საქართველოს ჩემპიონი ჭიდაობაში. მრავალი ღირსებით შემკული პიროვნება…
და მაინც, გიორგი პოეტია. აკი წერდა კიდეც მისი მშვენიერი პოეტური კრბულის “გატყდა ზამთარი” წინასიტყვაობაში რევაზ მიშველაძე: რამდენჯერმე გადავიკითხე გიორგი მეტრეველის ხელნაწერი და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მათემატიკის მასწავლებლის სასთუმალთან ჭეშმარიტი პოეზია ათევს ღამეებს”
გურამ გვერდწითელი კი გიორგი მეტრეველის ლექსებს ასე აფასებდა: “არის მასში რაღაც საინტერესო, სასიამოვნო, სასარგებლო და ეს “რაღაც” ჩემი აზრით, ავტორის გულწრფელობა, მისი შინაგანი სისუფთავე, ალალი გულის გამოძახილია, რაც აშკარად იგრძნობა კრებულში”.
გიორგი მეტრეველის პოეტურ კრებულებს კი უჭკნობ სურნელად დასდევს სამშობლოს სიყვარული, რაც უპირველესად მისი ოსიაურიდან და ხაშურიდან იწყება. სწორედ ხაშურია პოეტის გულის სავანე, სადაც ის თავს უსაზღვროდ ბედნიერად გრძნობს. აკი ამბობს კიდეც ლექსში:

” მე აქა ვგრძნობ ძვლებამდე
ძალას სიცხის, სიცივის
და აქ ვხვდები ყოველ დღე
ყველა ძვირფას მეგობარს.
ქუჩაში რომ მივდივარ
ხე და სახლი მიცინის
მე რომ ხაშურელი ვარ
სიამაყედ მეყოფა!
მივდივარ და ჩამესმის
ბულბულების გალობა,
მიღიმიან ლამაზი
ხაშურელი ქალები,
თითქოს თვოთონ უფალი
კალთით მაწვდის წყალობას
და არა ვარ დაღლილი
ტანჯვითა და წვალებით!

ჩემი დაბადებიდან
წინაპრის კვალს მოვყვები
და ხანდახან ოცნებით
ქრისტეს ბაღში ვიჭრები,
დადიან და ქუჩაში
როგორც ლომის ბოკვრები’
ისე იღრინებიან
ხაშურელი ბიჭები!
დედის მანდილს აქ სულ სხვა
ახლავს შნო და ლაზათი…
ძმაკაცობენ ერთურთთან
მამები და შვილები
და აქ ლექსებს ამბობენ
სხვანაირი აზარტით
და ლაღობენ სუფრასთან
ლაღად მხრებგაშლილები!

ხვავრიელად, უვალოდ
ბრუნავს ჩემი წისქვილი,
აქა ვხვდები ყოველდღე
ყველა ძვირფას მეგობარს.
ქუჩაში რომ მივდივარ
მზე და ქალი მიცინის
და რომ ხაშურელი ვარ,
სიამაყედ მეყოფა.

————

,,ხაშური ნიუსი” უსამძიმრებს გიორგი მეტრეველის ოჯახს,  ხაშურს და მთელს საქართველოს კიდევ ერთი გამორჩეული ქართველის გარდაცვალებას.

ვაჟა შუბითიძე – ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

Posted on

shubitidze copyვაჟა შუბითიძე

დაბადების თარიღი: 28 დეკემბერი, 1959 წელი

პროფესია: ისტორიკოსი, პოლიტილოგი

დაბადების ადგილი:  ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრაზე. არის 4 მონოგრაფიის, 5 სახელმძღვანელოს და 37 სამეცნიერო სტატიის ავტორი.

ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო თემა- “ეროვნებათშორისი ურთიერთობანი თანამედროვე საქართველოში”, დაიცვა 1987 წელს.

  • პოლიტიკური იმიჯისა და მარკეტინგის საერთაშორისო ასოციაცია, პრეზიდენტი (2000-)

ბიბლიოგრაფია

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ხაშურში ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა

Posted on

1-SXDOMA   2014 წლის  14 ივლისს ჩატარდა ხაშურის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა.

საკრებულოს პირველი სხდომა 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შესახებ ინფორმაციის გაცნობით გახსნა ხაშურის #35 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იმედო ლაცაბიძემ. მან დამსწრეთ წარუდგინა არჩევნებში გამარჯვებული მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი.

საკრებულოს პირველი სხდომა თავმჯდომარის არჩევამდე   წარმართა- უხუცესმა წევრმა ნოვე ტაბატაძემ; პირველ სხდომას  ესწრებოდა ახალარჩეული მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სრული შემადგენლობა – 28 დეპუტატი.

საკრებულოს წევრებმა აირჩიეს ხმის დამთვლელი  და სამანდატო დროებითი კომისიები. მოისმინეს დროებითი სამანდატო კომისიის დასკვნა  საკრებულოს წევრთა და საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შესახებ, რის შემდეგაც საკრებულომ თავმჯდომარის თანამდებობაზე კენჭი უყარა საკრებულოს  3 წევრის მიერ დასახელებულ ერთადერთ  კანდიდატურას. ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარედ ფარული კენჭისყრით არჩეულ იქნა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვაჟა შუბითიძე, ხოლო მისივე წარდგენით მოადგილედ – გიორგი ცხადიაშვილი.  ამავე სხდომაზე დაფუძნდა საკრებულოს ფრაქციები, დამტკიცდა საკრებულოს ახალი რეგლამენტი, კომისიის დებულებები, ასევე აირჩიეს 5 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე.

დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვა გადაიდო მეორე დღისათვის.

წყარო: ხაშურის მუნიციპალიტეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის პასუხი და ირაკლი ღლონტის პასუხის პასუხი

Posted on Updated on

   ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა თუ საინფორმაციო სააგენტოებში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმმა და მისმა მძიმე მდგომარეობამ. მუზეუმი ინგრევა და ამ ნგრევის შესაჩერებლად დიდი საზოგადოებრივი ინტერესია საჭირო, ამიტომ ამ მძიმე სიტუაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ facebook.com- ზე პარტია “რეფორმატორების” ლიდერმა ირაკლი ღლონტმა განცხადება გააკეთა, რომელიც “ხაშური ნიუსმაც” გაავრცელა. კომენტარს კვლავ უცვლელად გთავაზობთ.

hhjირაკლი ღლონტი:  ,,იქ ვარ სადაც უნდა ვიყო ! როგორ არ უნდა ვიყო ოპოზიციონერი, მაშინ, როცა უამრავ სიმახინჯესთან ერთად ხელისუფლება ყოველდღე უშვებს არსებით შეცდომებს, რომელიც უფრო შეურაცხმყოფელია მოსახლეობისათვის, ვიდრე უბრალოდ ხარვეზი.

მაშინ, როცა წმინდანად შერაცხული, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი დანგრევის პირასაა მისული და საფრთხეშია 800-მდე სამუზეუმო ექსპონანტი (გამოცემები, წერილები, ხელნაწერები, ფოტომასალა, ეთნოგრაფიის, ნუმიზმატიკისა და სახვითი ხელოვნების ნიმუშები) კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ,,ჯიპომანიისა” და ,,პრემიამანიის” ფონზე მოურიდებლად აგრძელებს მახინჯ ტენდენციას, საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრის კარგად ნაცად ხერხს და სრულიად უუნარო სამინისტროს ცენრალური აპარატის საშტატო ნუსხას მთავრობის ახალი განკარგულებით ზრდის 11 ერთეულით.

ცვლილების თანახმად, მინისტრ ოდიშარიას ხუთი თანაშემწის მაგივრად, ეყოლება – ექვსი. სამინისტროში შვიდი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ნაცვლად, იქნება – რვა. სამმართველოს უფროსების რაოდენობა 18-დან 20-მდე იზრდება, ხოლო 56-დან 63-მდე იზრდება მთავარი სპეციალისტების რაოდენობა.
ამასთან, მინისტრის მოადგილეების რაოდენობა განსაზღვრულია ოთხი საშტატო ერთეულით (აქედან ერთი პირველი მოადგილეა) და მას ასევე ჰყავს ექვსი მრჩეველი. აუცილებლად უნდა შევცვალოთ ქვეყანაში არსებული რეალობა!”

ირაკლი ღლონტის ამ პოსტს ასევე facebook.com- ზე ხაშურის მუნიციპალიტეტი გამოეხმაურა შემდეგი კომენტარით:

kklk1ხაშურის მუნიციპალიტეტი: ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის საკითხი, სხვა პრობლემებთან ერთად, ჩვენთვის გაცილებით მტკივნეულია, ვიდრე ერთი რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისთვის.
სამწუხაროა, მაგრამ ბატონი ირაკლი ღლონტი არ დაინტერესებულა რომ ხაშურის მუნიციპალიტეტისთვის რაიმე ფორმით მოემართა და უბრალოდ ეკითხა, თუ რას აკეთებს მუნიციპალიტეტი ყიფიანის მუზეუმთან დაკავშირებით, ან რის გაკეთებას აპირებს მომავალში. ნაცლად ამისა, იგი ცდილობს შავი PR-ის მარტივი და უხარისხო ფორმები გამოიყენოს და საკუთარ ნაკლებად საიმედო პოლიტიკურ კარიერას ქულები შეჰმატოს.
საკმარისი იყო უბრალო დაინტერესება, რათა ბატონ ირაკლის შეეტყო, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის საკითხი საქარტველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარედგინა. შედგენილია ხარჯთაღრიცხვაც, რაც 250 ათას ლარს აღწევს. წლის მეორე ნახევრისთვის ჩვენ ველოდებით მთავრობიდან დაფინანსებას დიმიტრი ყიფიანის მუზეუმის სარეაბილიტაციოდ.
პოლიტიკოსის განცხადება ფასეულია მაშინ, როცა იგი რეალურად ემსახურება საკითხის გადაწყვეტას და არა განცხადებას განცხადებისთვის. იმედია, ბატონი ღლონტისთვის ამ მარტივი ჭეშმარიტების შეხსენება მეორედ აღარ მოგვიწევს”.

ხაშურის მუნიციპალიტეტის კომენტარი მხოლოდ ირაკლი ღლონტის პოსტის მიმართ იქნა გაკეთებული და არა იმ უამრავი სტატიის მიმართ, რომლებიც ბოლო პერიოდში გავრცელდა. ირაკლი ღლონტი კი კვლავ გამოეხმაურა ხაშურის მუნიციპალიტეტის ამ კომენტარს. პასუხის პასუხს გთავაზობთ უცვლელად:

ირაკლი ღლონტი: ,,ხაშურის მუნიციპლიტეტი – თქვენ ამ სიტყვებთან მიმართებით მოგიწევთ პასუხის გაცემა რამდენიმე დღეში, როცა პირადად ვეწვევი მუზეუმს და ადგილობრივ მოსახლეობას”.

როგორც ხედავთ საკითხი საზოგადოებრივი ინტერესის ქვეშ მოექცა და ეს სასიკეთოდ უნდა დამთავრდეს მუზეუმისთვის, ვინაიდან სხვადასხვა დროს სხვადასხვა ვითარებაში არაერთხელ გაჟღერებულა, რომ მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყებოდა, თუმცა დღემდე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუზეუმი ინგრევა. ეს იმიტომ რომ საკითხით ასეთი დაინტერესება ჯერ არ ყოფილა.

მოვლენათა მსვლელობას “ხაშური ნიუსი” გაგაცნობთ.